ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს დირექტორი, არტურ ლორკოვსკი თებერვლის ბოლოს თბილისს ეწვია და ენერგეტიკის სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. ვიზიტის დროს ყურადღება ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და კლიმატთან დაკავშირებულ რეფორმებზე გამახვილდა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის ძირითად პრიორიტეტებზე საუბრისას ლორკოვსკიმ ენერგეტიკულ ბაზრებზე რეფორმების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ვინაიდან საქართველომ უკან მოიტოვა ბაზრის ფასების ბოლოდროინდელი მერყეობა, მან ახლა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, გამოიყენოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა და თავი აარიდოს ბაზრის გახსნის შემდგომ გადავადებას“, — განაცხადა დირექტორმა. მისივე თქმით, სრული ძალისხმევა უნდა მოხმარდეს საქართველოს ელექტროენერგიის და გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროებში ახალი ინვესტიციების მომზიდველი გარემოს შექმნას.
საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად, სამდივნომ თბილისის ოფისში ენერგეტიკის მთავარ ექსპერტად სალომე ჯანელიძე დანიშნა. გარდა ამისა, სამდივნო სამინისტროს ენერგეტიკის სექტორთან და კლიმატთან დაკავშირებული მხარდაჭერის საკითხებზე დონორებთან კავშირების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
წყარო